Archive for აპრილი, 2011

22 აპრილი – დედამიწის დღე!


22 აპრილი დედამიწის დღეა. ის 1970 წლიდან აღინიშნება. ეს დღე სენატორმა გეოლორდ ნელსონმა მას შემდეგ დააარსა, რაც სანტა ბარბარას საბადოდან ნავთობი დაიღვარა, რის შედეგადაც ოკეანე დაბინძურდა და წყლის ბინადრები დაიხოცა.

ყოველი წლის 22 აპრილს 176 ქვეყანაში ამ დღეს აღნიშნავენ სხვადასხვა ორგანიზაციები. მილიონობით მოხალისე გარემოს დაცვის მიზნით მონაწილეობს ისეთ აქციებში, როგორიცაა: ბაღების და სკვერების გამწვანება, დასუფთავება და ა.შ. ადამიანები ცდილობენ დაზოგონ ელექტროენერგია.

საქართველოში ბევრმა არ იცის, თუ რა არის 22 აპრილი და როგორ აღინიშნება ის ჩვენს ქვეყანაში. საქართველო 1990 წლიდან შეუერთდა იმ ქვეყნების რიცხვს, სადაც დედამიწის დღე აღინიშნება. არასამთავრობო ორგანიზაციების გარკვეული ჯგუფი მოუწოდებს მოსახლეობას, მოუარონ დედამიწას, ტარდება გამწვანების და დასუფთავების აქციები.

სამეცნიერო–ინტელექტუალური კლუბი „თაობათა დიალოგი“ (RICDOG), რომელიც 5 წლის არსებოსას ითვლის, ამ დღეს ზარების რეკვით (ეს 22 აპრილის აღნიშვნის ერთ–ერთი ტრადიციული მეთოდია) მოუწოდებს ადამიანებს, გაამახვილონ ყურადღება გარემოს დაცვაზე და მოუარონ დედამიწას.

დედამიწა „ცოცხალი არსებაა“. მას მუდმივად სჭირდება მოფრთხილება. მის ბინადართაგან არც ერთი ცოცხალი არსება ისეთ ზიანს არ აყენებს მშობლიურ პლანეტას, როგორსაც ჩვენ, “ ცივილიზებული და მოაზროვნე“ არსებები. ძნელად მოიძებნება ადამიანი, ვინც არ იცის თუ რა საფრთხე ემუქრება დედამიწას, თუკი გარემოზე არ ვიზრუნებთ. დაუდევარი მოქმედებების შედეგად, ნადგურდება უნიკალური მცენარეები, ქრება ცხოველთა ბევრი ჯიში, ბინძურდება წყალი და ჰაერი, ზიანდება ოზონის შრე.

თუმცა რას ვაკეთებთ იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ ბუნებრივი კატასტროფები?

ერთადერთი გზა, რითაც დედამიწის მოვლა შეგვიძლია, არის გარემოს დაცვა. უნდა შევეცადოთ, შევზღუდოთ ისეთი მოქმედებები, რითაც ზიანს ვაყენებთ ჩვენს პლანეტას. ჩემი რჩევა იქნება, რაციონალურად გამოვიყენოთ ბუნებრივი რესურსები, ნაკლებად დავაზიანოთ ბუნება და მოვუფრთხილდეთ დედამიწას ჩვენი კეთილდღეობისა და ჯანმრთელი მომავლისათვის.

„რადიაციული ღრუბელი საქართველომდე ვერ მოაღწევს“


ბოლო დროს, სულ უფრო ხშირად ისმის კითხვა: უქმნის თუ არა რადიაციის საფრთხეს, საქართველოს „ფუკუსიმა–1“–ზე მომხდარი აფეთქებები და რამდენად საგანგაშოა იაპონიაში, ამ დროისთვის დაფიქსირებული, რადიაციული ფონის გაუარესება. ამ და სხვა საკითხებზე „პრესა.ჯი“ გარემოს დაცვის სამინისტროს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, ლევან გოგუას ესაუბრა:

– საკმარისია თუ არა საფრთხის განეიტრალებისკენ მიმართული ის ღონისძიებები, რასაც იაპონიის ხელისუფლება „ფუკუსიმა–1“–ზე ატარებს, თუ თვით ისეთ მაღალგანვითარებულ ქვეყანასაც კი, როგორიც იაპონიაა, მხოლოდ საკუთარი ძალებით არ შეუძლია საფრთხის აღმოფხვრა?

– სხვათაშორის, იაპონელები მთელი ამ ხნის განმავლობაში, სწორი მეთოდებით ებრძვიან რადიაციის გაჟონვის შესაძლებლობას. რეაქტორების შიდა წნევის მომატება იმან გამოიწვია, რომ გაგრილების სისტემა მწყობრიდან გამოვიდა. იაპონელმა სპეციალისტებმა, უწყვეტ რეჟიმში, ზღვის წყლის ჭავლით დაიწყეს რეაქტორების გაგრილება და ზღვის წყალში ბორი გაურიეს, რომელიც ნეიტრონებს ანეიტრალებს. მართალია, სრული განეიტრალება შეუძლებელია, მაგრამ ასეთ მოქმედებას შედეგი მაინც მოაქვს.

– მაგრამ, გატარებული ზომების მიუხედავად, სამი აფეთქება უკვე მოხდა…

– დიახ, აფეთქებები პირველ, მესამე და მეოთხე რეაქტორებზე გარდაუვალი გახდა. ამის პროგნოზირება წინასწარაც იყო შესაძლებელი, მაგრამ რაც მთავარია, რეაქტორები არ დაზიანებულა. შესაბამისად, პირველი აფეთქებისთანავე იაპონიის მთავრობამ, ოცკილომეტრიან რადიუსში მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო, რათა მათი დასხივება არ მომხდარიყო.

– რამდენადაც ცნობილია, სამივე შემთხვევაში წყალბადი აფეთქდა. ეს რამდენად საშიშია რადიაციის გავრცელების თვალსაზრისით?

– თვითონ წყალბადის აფეთქება დახურულ ზონაში, იმდენად საშიში არ არის, რამდენადაც პროცესები, რაც ამ აფეთქებას მოჰყვება. კერძოდ, აფეთქების შედეგად ატმოსფეროში გაიფანტა რადიოაქტიური ნივთიერებები, ცეზიუმ–137 და იოდ–126. თუმცა, ჯერჯერობით არ არსებობს ინფორმაცია, თუ რა კონცენტრაციით მოხდა ამ ნივთიერებების გაფანტვა ჰაერში. სწორედ, ეს ნივთიერებები ქმნიან შემდგომ რადიაციის ღრუბელს.

– რამდენ ხანს რჩება ღრუბელი და თუ არსებობს ტექნოლოგია, რომელიც უარყოფითი შედეგების გამოწვევის გარეშე მის დაშლას უზრუნველყოფს?

– ასეთი ტექნოლოგია არ არსებობს. რადიაციული ღრუბლის გავრცელება და მიმართულება კლიმატურ პირობებზეა დამოკიდებული: საით და რა სიჩქარით დაუბერავს ქარი, როდის მოვა წვიმა და რომელი ტერიტორიის თავზე იქნება წვიმის დროს ღრუბელი…

– წვიმა, ამ შემთხვევაში სიტუაციის გაუარესების წინაპირობაა?

– რასაკვირველია. წვიმა შლის რადიაციულ ღრუბელს და, ასე ვთქვათ, დედამიწაზე გზავნის იმ მავნე რადიოაქტიურ ნივთიერებებს, რომელსაც ეს ღრუბელი შეიცავს. სწორედ ამის შედეგია, რადიაციული დაბინძურება: მცენარეების, ნიადაგის. ასევე ადამიანთა დასხივება.

– არსებობს თუ არა შანსი, რომ რადიაციულმა ღრუბელმა საქართველომდე მოაღწიოს?

– მხოლოდ თეორიული შანსი არსებობს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ქარი მხოლოდ საქართველოს მიმართულებით დაუბერავს და თუკი იმ დროის განმავლობაში, რაც ღრუბელს საქართველომდე მისაღწევად დასჭირდება, წვიმა არ მოვა. ასეთი რამ, პრაქტიკულად, შეუძლებელია. ამიტომაც, დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს რადიაციული საფრთხე არ ემუქრება. ამას გარდა, ჩვენი ქვეყანა კავკასიის საკმაოდ მაღალი ქედითაა შემოსაზღვრული, რომელიც რადიაციული ღრუბლისთვის თითქმის გადაულახავ ბუნებრივ წინააღმდეგობას წარმოადგენს.

– მაგრამ კავკასიონმა ჩერნობილის ტრაგედიის დროს ხელი ვერ შეუშალა საქართველოში რადიაციის გავრცელებას…

– ჩერნობილის დროსაც შეუშალა, მაგრამ მაშინ რადიაცია საქართველოში, ძირითადად, ზღვის საშუალებით გავრცელდა. სწორედ ამიტომაც იყო, რომ დასავლეთ საქართველო დაზარალდა და აღმოსავლეთ საქართველომდე რადიაციამ ვერ მიაღწია. უფრო მარტივად რომ ვთქვა, რადიაცია საქართველოში ზღვით შემოვიდა და აღმოსავლეთ საქართველოსკენ დაიძრა, მაგრამ ლიხის ქედი ვერ გადალახა…

– ამ ბოლო დროს, სულ უფრო ხშირად ადარებენ ერთმანეთს ჩერნობილისა და ფუკუსიმას ავარიებს. შესაძლებელია თუ არა, ფუკუსიმაში მომხდარი ავარია იაპონიისთვის ისეთივე დამანგრეველი იყოს, როგორც ჩერნობილის ავარია აღმოჩნდა ყოფილი სსრკ–სთვის?

– ავარიებს შორის, არანაირი პარალელები არ არსებობს. ასევე, არ შეიძლება, ვისაუბროთ შედეგების მსგავსების შესახებ. თუ გახსოვთ ან წაგიკითხავთ, ჩერნობილის ტრაგედიას მთელი სამი დღის განმავლობაში მალავდნენ და ზომების მიღება მას შემდეგ დაიწყეს, როცა რადიაცია დიდ მანძილზე იყო გავრცელებული. იქ, არც მოსახლეობის ევაკუაცია მომხდარა. იაპონელებმა კი ზომების მიღება, ფაქტობრივად, აფეთქების მომენტიდანვე დაიწყეს. სხვათაშორის, თუ ახლა იაპონიაში არსებულ გამოსხივების დონეს, ჩერნობილში მაშინ არსებულს შევადარებთ, კარდინალურად განსხვავებულ მონაცემებს მივიღებთ, რადგან ჩერნობილში გამოსხივება არა სამასჯერ ან ოთხასჯერ, არამედ დაახლოებით 6.000–ჯერ აღემატებოდა დასაშვებ ნორმას.

– ორიოდე სიტყვით, იქნებ გამოსხივების დოზის სიმძლავრის ერთეულზეც გვითხრათ…

– გამოსხივების დოზის ერთეული, ზივერტია და ეს სახელი მას გერმანელი მეცნიერის პატივსაცემად ეწოდა. გაუთვითცნობიერებელი მკითხველისთვის გასაგები შედარება რომ მოვიყვანო, 1 ზივერტი 100 რენტგენის ტოლია. ახლა, ჩემს ოთახში, რადიაცია 0,07 მიკროზივერტია საათში. ნორმა საქართველოს მასშტაბით, საათში 0,07–დან 0,012 მიკროზივერტამდე მერყეობს.

– რამდენად არის შესაძლებელი, რომ იაპონელებმა რადიაციით დასხივებული ყველა ადამიანი გამოავლინონ, რათა შემდეგ უმკურნალონ?

– ბუნებრივია, დასხივებულ ადამიანს კარგა ხნის მანძილზე არაფერი ეტყობა, თუ მას სპეციალურად არ გამოიკვლევ, რადიაციას არანაირი სიმპტომი არა აქვს და მისი უარყოფითი გავლენა ორგანიზმზე წლების განმავლობაში, ეტაპობრივად ვლინდება. იაპონელები ევაკუირებული მოსახლეობის გამოკვლევას ატარებენ, მაგრამ, ვფიქრობ, რომ ყველა შესაძლო დასხივებულის გამოსაკვლევად, საკუთარი ძალები არ ეყოფათ. ამაში მათ, მთელი მსოფლიო უნდა დაეხმაროს…

წყარო:presa.ge

 

იაპონური რადიაციული ჰაერის მასების გადმოადგილება


ფუკუშიმას ატომური კატასტროფის შემდეგ, კოლნის უნივერსიტეტის პროფესორებმა, EURAD-ის პროექტის ფარგლებში (ევროპაში დაბინძურებული ჰაერის გავრცელება) მოკლევადიანი პროგნოზი (2 აპრილამდე) გააკეთეს, რა მიმართულებით შეიძლება გადაადგილდეს რადიაციული ჰაერის მასები:

მართალია, რუკა ცოტა არაორდინალურია, მაგრამ ცოტა ხანს თუ დააკვირდებით და თვალს შეაჩვევთ, ჩანს, რომ ფუკუშიმას რადიაციული ჰაერი ძირითადად ჩრდილოეთით მიემართება, განსაკუთრებულად დიდი ოდენობით ნაწილდება ამერიკაში, შედარებით ნაკლებკონცენტრირებული კი რუსეთში, ევროპასა და აფრიკის კონტინენტის ჩრდილოეთზე.

საქართველოს პოვნა ამ რუკაზე მართალია ცოტა გამიჭირდა, მაგრამ “ორ ზღვას შუა” მაინც მიგნებადია და 2 აპრილს, როგორც ჩანს, რადიაციული ჰაერი ჩვენს საჰაერო სივრცესაც გადაჭრის, რაც, მაინცდამაინც სასიამოვნო ვერ უნდა იყოს, მაგრამ სადაც მთელი მსოფლიო, იქაც ჩვენ.

საპანიკო არაფერია. ამბობენ, რადიაციული ჰაერი პირველ რიგში იოდნაკლულ ადგილებს ავსებსო და ამიტომ, იოდით მდიდარ საკვებს და იოდის ტაბლეტებს უნდა მიმართოთ საპროფილაქტიკოდო, მაგრამ წინასწარ მკვეთრი ღონისძიებების გატარება ალბათ ცოტა სათუოა.

ამიტომ, ჯობია შევასრულოთ მინიმუმი მაინც:
2 აპრილს და შემდგომ დღეებში მოვერიდოთ წვიმას და მის უშუალო შეხებას სხეულზე (შესუნთქვაც არ უნდა იყოს მთლად სასარგებლო), რომელმაც, დიდი შანსია, ღრუბლებში კონცენტრირებული იაპონური რადიაცია ჩამოგვიტანოს.

მოკლედ,
გვერდზე გადადეთ რომანტიკა და გაზაფხულის წვიმებს ამჯერად ცოტა კრიტიკულად მიუდექით 🙂

გავუფრთხილდეთ დედამიწას (R)


ბოლო რამდენიმე წელია ევროპაში ყოველწლიურად მდგრადი ენერგიის კვირეული ტარდება, წელს ეს კვირეული 11-15 აპრილს გაიმართება და პარალელურად საქართველოშიც ჩატარდება.
რადგან მდგრადი ენერგია, ენერგო ეფექტურობა, ეკონომიური განათება, ეკოლოგია – ის თემებია, რაც “ახალი ნათებისთვისაც” არანაკლებ სასიცოცხლო და მნიშვნელოვანია, კომპანიამ გადაწყვეტილება მიიღო თავადაც ჩართულიყო ამ მოძრაობაში წელს.

“ახალი ნათება” აცხადებს აქციას სახელწოდებით

“გავუფრთხილდეთ დედამიწას”

აქცია ითვალისწინებს: 15%-იან ფასდაკლებას ხრახნიან ეკონათურებზე და გრძელდება 28 მარტიდან – 16 აპრილის ჩათვლით

ჩვენ პირადად გავესაუბრეთ ახალი ნათების პიარ-მენეჯერს თათა მორჩილაძეს და ვთხოვეთ კომენტარი გაეკეთებინა ამ საკითხთან დაკავშირებით:

თათა მორჩილაძე: დედამიწის რესურსები ყოველდღიურად იწურება და თუ ჩვენ დღესვე არ ვიზრუნეთ ამის შესაჩერებლად და დასაზოგად, ხვალ სავალალო მდგომარეობას მივიღებთ.
ეს აქციაც ამ მიზნებს ემსახურება, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა შეიძინოს ეკო-ნათურები და გადავიდეს ეკონომიურ განათებაზე, რადგან ჩვენს ქსელში არსებული ეკო-ნათურები – რომლებიც არის ისეთი უდიდესი ბრენდების, როგორებიცაა Philips, Osram და Opple, არის 80% უფრო ეკონომიურები, ვიდრე ჩვენთვის ყველასთვის ცნობილი ვარვარების ნათურები. გარდა ამისა, ამ ნათურებს აქვთ 7-8000 საათი სამუშაო რესურსი, რაც კიდევ უფრო მეტ მომხიბვლელობას მატებს მათ.ეკოლოგიურობას რაც შეეხება, უნდა აღვნიშნო, რომ ეკო-ნათურები ნათურები არ გამოყოფენ დიდ სიმხურვალეს და CO2-ს, რაც დამახასიათებელია ვარვარების ნათურებისათვის და რაც ითვლება დედამიწაზე კლიმატის შეცვლის ერთ-ერთ მიზეზად.
ეკო-ნათურების გამოყენებით ჩვენი მოსახლეობა დაზოგავს ყოველთვიურად როგორც საკუთარი ოჯახის ბიუჯეტს, ასევე გარემოსაც.

ბოლო 2-3 კვირის მანძილზე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეკო-ნათურები საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისათვის, რადგან ისინი შეიცავს ადამიანის ჯანმრთელობისათვის საშიში რაოდენობით ვერცხლისწყალს.

თათა: ჩვენ ვიკვლიეთ ეს საკითხი ჩვენი მომწოდებლებისაგან და გვაქვს უკვე ზუსტი მონაცემები. ევროკავშირის დადგენილი ნორმების მიხედვით, ეკო-ნათურაში ვერცხლისწყლის შემცველობის ნორმა განისაზღვრა 5 მილიგრამით.

“ახალ ნათებაში” არის 3 მომწოდებლის ეკო-ნათურები, მათში ვერცხლისწყლის შემცველობა შემდეგნაირია:

Philips ეკო-ნათურებში 1.4 დან 2 მილიგრამამდე;
Osram ეკო-ნათურებში 2 მილიგრამამდე;
Opple ეკო-ნათურებში 2.00 დან 2.4 მილიგრამამდე.
ასე რო, ეს ნათურები შეიცავს ნორმაზე ორჯერ ნაკლებ ვერცხლისწყალს და, შესაბამისად, არანაირ საფრთხეს არ უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას.

თუ თქვენ ყიდულობთ ჩვენს ქსელში წარმოდგენილ, მაღალი ხარისხის, ევროპის უდიდეს ლაბორატორიებში გამოცდილ და სრულყოფილებამდე მიყვანილ, წარმოების ყველა სტანდარტის დაცვით შექმნილ ეკო-ნათურებს, ისინი ევროკავშირის RoHs (Restriction Of the use of certain Hazardous Substances) დირექტივის მიხედვით იწარმოება და, შესაბამისად, არც შეიძლება შეიცავდეს საშიშ მასალას, მათ შორის არის ვარცხლისწყალიც.

RoHs – კრძალავს ვერცხლისწყლის საშიში რაოდენობით გამოყენებას არ მხოლოდ ეკო-ნათურებში, არამედ ყველა ტიპის საოჯახო ნივთებში. ეკო ნათურების შემთხვევაში დადგენილი ნორმა არის 5 მილიგრამი.

ევროპული დიდი კომპანიები, რომლებიც აწარმოებენ იმ ეკო-ნათურებს, რომლებიც იყიდება “ახალი ნათების” მაღაზიებში, ბოლომდე იცავენ ამ წესებს და მეტიც, უფრო მეტ დამცავ ტექნოლოგიებს იგონებენ თავიანთი პროდუქტისათვის. ამიტომ ეს ნათურები ეკო-მეგობრები არიან ჩვენთვის და ჩვენი გარემოსათვის და არანაირად არ შეიცავენ ჯანმრთელობისათვის საშიში რაოდენობით ვერცხლისწყალს.

ბათუმის პორტში აღმოჩენილი რადიოაქტიური ნივთიერება სავარაუდოდ ცეზიუმ 137-ია


არსებული ინფორმაციით, ბათუმის პორტში აღმოჩენილი ნივთიერება სავარაუდოდ ცეზიუმ 137-ია. როგორც სპეციალისტები აცხადებენ, აღნიშნულ ნივთიერებას ხშირად იყენებდნენ კომუნისტების დროს სამრეწველო საქმიანობაში.

ენერგეტიკის სამინისტროდან ბათუმში საგანგებო ჯგუფი გაემგზავრა. რადიოლოგთა ჯგუფი ბათუმის პორტში ნაპოვნ რადიოაქტიურ ნარჩენებს შეისწავლიან. სპეციალისტებმა უნდა დაადგინონ რა სახისაა ნივთიერება და რამდენად საშიშია ის ადამიანის ჯანმრთელობისთვის. ჯართით დატვირთულ სარკინიგზო ვაგონში აღმოჩენილი ნივთი ახლა უკვე იზოლირებულია და უსაფრთხო ადგილზეა გადატანილი.