Archive for 22/03/2011

“დარგე შენი ხე, გაამწვანე თბილისი”


ახალი გენერალური გეგმის მიხედვით, ქალაქში რეკრეაციული ზონა მნიშვნელოვნად გაიზარდა. მწვანე ტერიტორიების მოცულობის გაზრდისა და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, 16 ნოემბერს თბილისში სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით ქალაქის გამწვანების ახალი პროექტი ”დარგე შენი ხე, გაამწვანე თბილისი” დაიწყო, რომელიც დედაქალაქისა და მისი შემოგარენის გამწვანებას ითვალისწინებს.
გამწვანების ახალი პროექტი დედაქალაქში 150 000 მწვანე ნარგავის დარგვასა და მათ მოვლა-პატრონობას გულისხმობს. პროექტის ფარგლებში ამ დროისთვის 20 000–მდე სხვადასხვა ჯიშის ფიჭვის, კიპარისის, აკაციის, ცაცხვის, ნუშის, ნეკერჩხლისა და იფანის ხე თბილისელების უშუალო მონაწილეობით დაირგო. გამწვანების აქციაში მთელი თბილისი, თითოეული მოქალაქე, სტუდენტები, კორპუსის ამხანაგობები და ამხანაგობის თავმჯდომარეები ჩაერთვნენ.

ხეების დარგვის შემდეგი ეტაპი საგაზაფხულო რგვების განახლებისთანავე გაგრძელდება და თბილისის გამწვანების პროექტში ჩართვა, საკუთარი ეზოების გამწვანება და ქალაქის ეკოლოგიაზე ზრუნვა ყველა თბილისელს შეეძლება.

წყარო: http://www.useug.com

თბილისს ტრამვაი დაუბრუნდება, მაგრამ რის ფასად?


პიარაქციები და პროპაგანდა, რომელიც ე.წ. ყვითელი ავტობუსების ჩამოყვანას ახლდა, ალბათ, არავის დავიწყებია. სწორედ ამას დაუკავშირეს თავის დროზე თბილისში მიწისზედა ელექტროტრანსპორტის სრული ლიკვიდაცია. როგორც ტრამვაის, ასევე ტროლეიბუსის ხაზის ინფრასტრუქტურა მოძველებული იყო, თუმცა ბევრი მიიჩნევდა, რომ ხელაღებით მისი გაუქმება არ შეიძლებოდა, მაგრამ ეს არავის გაუთვალისწინებია. 2006 წლიდან სასწრაფოდ დაიწყო რელსების აყრა და კაბელების ჩამოხსნა. მოკლედ, დედაქალაქი ამ ტრანსპორტისგან სრულიად გათავისუფლდა. იმედია, ყვითელი ავტობუსების ეპოპეაც ყველას გვახსოვს და ზედმეტად აღარ შეგაწყენთ თავს ამაზე ლაპარაკით, მაგრამ შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა არაერთხელ გამოთქვა უკმაყოფილება ამ ტრანსპორტის მუშაობით, დღეს კი ბევრი ავტობუსი ავარიულობის გამო უკვე აღარ მუშაობს. მერიაში ისიც ითქვა, რომ ამ ავტობუსების მოვლა-პატრონობა ძვირი ჯდება. შესაბამისად, ხელისუფლება ავტობუსით მგზავრობის გაძვირების ერთ-ერთ მიზეზად ამასაც ასახელებს. ამასთანავე, დღემდე ვერ მოწესრიგდა მარშრუტების იმგვარი განრიგით დაგეგმვა, რომ მოქალაქეებს ქალაქში გადაადგილებისას პრობლემები არ ექმნებოდეთ. დედაქალაქის ხელმძღვანელობამ ამჯობინა, პრობლემების გადაწყვეტის ახალ გზას არ დასდგომოდა, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის შესაქმნელად კარგად დავიწყებული ძველი ტრამვაი გაეხსენებინა. როგორც ამბობენ, როგორც სხვა ბევრი რამ, ეს იდეაც მიხეილ სააკაშვილს ეკუთვნის.

ხელისუფლება თბილისში ტრამვაის ხაზის აღდგენას რომ აპირებს, იმ პროექტიდანაც კარგად ჩანს, რომელიც ორიოდე დღის წინ ქალაქის მერიამ საზოგადოებას წარუდგინა. პრეზენტაციას მერიის საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებთან ერთად სატრანსპორტო დაგეგმარების ფრანგული კომპანია “სისტრას” წარმომადგენლებიც დაესწრნენ. როგორც მერიის ტრანსპორტის სამსახურში ამბობენ, წარმოდგენილი პროექტის ფარგლებში ჩატარდება თბილისში ტრამვაის ხაზის მარშრუტის დასადგენი კვლევა, რომლის მიხედვითაც გაკეთდება სატრანსპორტო ქსელის ოპტიმიზაციის, მგზავრობის ხასიათის, მგზავრთა ნაკადისა და მოქალაქეების სამგზავრო ჩვევების ანალიზი.

საინტერესოა, რომ წარმოდგენილი პროექტით კვლევის ჩატარება ერთი მილიონი დოლარი დაჯდება. ბუნებრივია, ჩნდება კითხვა – რა დაჯდება დედაქალაქში ამ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება და აქვს თუ არა ქვეყანას დღეს ამის ფუფუნება? საქმე ის არის, რომ ამ ინფრასტრუქტურის ნულიდან შექმნა და ამოქმედება, მსოფლიო გამოცდილების გათვალისწინებით, ძალიან ძვირი სიამოვნებაა. ამაზე ცოტა ქვემოთ, მანამდე კი გეტყვით, რომ პროექტის ფარგლებში თბილისში რვა ათასი ოჯახი გამოიკითხება. ეს პროცესი 26 იანვრიდან დაიწყო და აპრილის ბოლომდე გასტანს. კვლევას კომპანია IPM ატარებს. თბილისის მერია თხოვნით მიმართავს მოქალაქეებს, მხარი დაუჭირონ IPM-ის წარმომადგენლებს და აქტიურად ჩაერთონ კვლევის პროცესში. პროექტის ფარგლებში უნდა მოხდეს ტრამვაის ხაზის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება, გარემოზე ზემოქმედების განსაზღვრა, ასევე სატენდერო დოკუმენტების მომზადება და პროექტის ხარჯთაღრიცხვის გაკეთება. ამიტომაც მერიაში ჯერჯერობით თავს იკავებენ იმ სავარაუდო თანხის დასახელებაზე, რაც ტრავმაის ხაზის აღდგენას დასჭირდება, არაფერს ამბობენ იმაზე, როდისთვის იგეგმება თბილისში ტრამვაის ხაზის ამოქმედება. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ეს პროცესი, სულ მცირე, 4-5 წელიწადს გასტანს, თუმცა ჩვენი ხელისუფლების სულსწრაფობის ამბავი არახალია და მიხეილ სააკაშვილმა შესაძლოა, ყველაფრის დასრულება თავის მეორე საპრეზიდენტო ვადაშივე მოინდომოს.

თავის დროზე, როდესაც თბილისში ტრამვაი გაუქმდა, მერიის მოხელეები ამბობდნენ, – 21-ე საუკუნეში რა დროს ტრამვაია, ეს შეშვენის ჩვენს დროსა და ეპოქასო?.. ეს განცხადება მაშინვე სასაცილო იყო, თუმცა ის უფრო სასაცილოა, ლამის იგივე ხალხი დღეს რომ ელექტროტრანსპორტის დადებით მხარეებზე ლაპარაკობს. მერიაში აცხადებენ, რომ ტრამვაის აღდგენა განპირობებულია შემდეგი ფაქტორებით: ეკოლოგიურად უსაფრთხოა, სწრაფია, იაფი და ლამაზი.

შეუძლებელია არ დაეთანხმო, მაგრამ დგება რამდენიმე საკითხი. პირველი – როგორც უკვე ვთქვით, ტრამვაით მგზავრობა იაფია, მაგრამ მისი ინფრასტრუქტურის აშენება ძალიან ძვირი ჯდება. მხოლოდ ერთ მაგალითს გეტყვით: თანამედროვე ტრამვაის ვაგონების ფასი 580.000 დოლარიდან 2.500.000 ევროს შორის მერყეობს. ვფიქრობ, მეტად შთამბეჭდავი რიცხვებია, მით უფრო, ქვეყანაში დღეს არსებული სოციალურ-ეკონომიკური ვითარების გათვალისწინებით. იმედია, ხელისუფლება ავტობუსებივით ნახმარი ვაგონების ჩამოტანას არ გეგმავს. არის ერთი პრობლემაც, თბილისის ქუჩები საკმაოდ ვიწროა და ტრანსპორტით უკიდურესად გადატვირთული, ტრამვაის ხაზი უფრო ხომ არ შეაფერხებს მოძრაობას? გარდა ამისა, საკითხავია, თბილისის ცენტრალურ მაგისტრალებზე არაერთხელ აყრილი და დაგებული ასფალტი კიდევ რამდენჯერ უნდა აყარონ? მით უფრო, რომ იმ ფართო ქუჩებში, სადაც უპრიანი იქნებოდა ტრამვაის ხაზის გაყვანა, საკმაოდ ფართო, ე.წ. მწვანე ზოლებია.

წყარო: გაზეთი ”ყველა სიახლე”

“რა დარჩება გარემოს დაცვის სამინისტროსგან? – მხოლოდ აბრა!”


ახლახან პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მოსალოდნელ რეორგანიზაციაზე ისაუბრა: გარემოს დაცვის სამინისტრო სახელმწიფო მინისტრის აპარატად ჩამოყალიბდება, ენერგეტიკის სამინისტრო კი ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროდ გარდაიქმნება.

ამ ნოვაციასა და მწვავე ეკოლოგიურ პრობლემებზე გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი, თანათავმჯდომარე საქართველოს მწვანეთა მოძრაობისა “დედამიწის მეგობრები” ნინო ჩხობაძე გვესაუბრება:

– კლიმატის აშკარა ცვლილებამ, სხვა პრობლემებზე რომ აღარაფერი ვთქვათ, მსოფლიო უდიდესი გამოცდის წინაშე დააყენა. ეკოლოგიურმა, გარემოსდაცვითმა საკითხებმა კიდევ მეტი სიმძაფრე შეიძინა, განა შეიძლება ამ დროს ხელისუფლება გარემოს დაცვის სამინისტროს გაუქმების, ანუ როგორც თვითონ აცხადებენ, რეორგანიზაციის საკითხს აყენებდეს? ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო გარემოს დაცვას პრიორიტეტულ დარგად არ მიიჩნევს. რა რეორგანიზაციაზეა საუბარი?! რატომ უნდა იყოს გარემოს დაცვა გერის როლში?! დაგეგმილი ცვლილებების განხორციელების შედეგად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან რესურსების რეგულირება, ლიცენზირება და აუქციონების ჩატარება ენერგეტიკის სამინისტროს პრეროგატივა გახდება, სწორედ ის იქნება ბუნებრივ რესურსებზე პასუხისმგებელი უწყება, რომელიც ამასთანავე, ბუნებრივი რესურსების მომხმარებელია.

ასევე გაუგებარია, როგორ უნდა შეიქმნას სახელმწიფო მინისტრის აპარატში პატარა რგოლი, რომელიც გარემოს დაცვის სამინისტროს ფუნქციას შეასრულებს? სინამდვილეში, ეს გარემოს დაცვის სამინისტრო არ და ვერ იქნება, რადგან ანბანური ჭეშმარიტებაა, რომ ამ სამინისტროს, უპირველესად, ბუნებრივი რესურსების რეგულირების მექანიზმი უნდა ჰქონდეს. ჩვენში რატომღაც ეშინიათ სიტყვის “ლიცენზირება”, არადა, სწორედ ამ გზით უნდა მოხდეს რესურსების კვოტირება, რეგულირება. გარემოს დაცვა საკმაოდ ეკონომიკური დარგია და თუ ყველა ფაქტორს გავითვალისწინებთ, სწორად გავთვლით, მინიმალური დანახარჯით მაქსიმალურ მოგებას მივიღებთ. თუ რომელიმე მშენებლობის ან სხვა პროექტის განხორციელებისას არ გავითვალისწინეთ გარემოს დაცვითი მოთხოვნები, შედეგი, შესაძლოა, უმძიმესი აღმოჩნდეს.

– უფრო კონკრეტულად, გარემოსდაცვითი მოთხოვნების უგულებელყოფის გამო რომელ გახმაურებულ პროექტს შეექმნა პრობლემები?
– მთელი სიმწვავით არავის დაუსვამს კითხვა: რატომ ჩაინგრა გლდანის ხიდი, რასაც მსხვერპლი მოჰყვა? ამის მიზეზი იყო ის, რომ ხიდი 1950-იან წლებში აშენდა, პროექტის ავტორებმა არ გათვალეს, როგორი იქნებოდა მისი ზემოქმედება ორ მომდევნო ხიდზე…

თუ გვინდა შევინარჩუნოთ საქართველოს უნიკალური ბუნება, მისი მთა-ბარი, ტყე, წყალი, გარემოს დაცვა ქვეყნისთვის პრიორიტეტული უნდა იყოს და, სულ მცირე, ის უწყება მაინც გვქონდეს, რომელსაც მარეგულირებელ-მაკონტროლებელი ფუნქცია დაეკისრება. ახლახან გაცხადებული ე.წ. რეორგანიზაციით კი ამგვარი ინსტანცია აღარ იარსებებს. მხოლოდ საერთაშორისო კონფერენციებზე სიარული და იქ ხმამაღალი განცხადებები, რომ ბუნებას ვიცავთ, ვერაფერს ცვლის. ახლა დიდი პიარკამპანიაა გაჩაღებული თბილისის შემოვლითი რკინიგზის მშენებლობაზე, რომელიც პრეზიდენტმა პარლამენტში გამოსვლის დროსაც ახსენა, თუმცა, სპეციალისტთა ნაწილი კატეგორიულად ვითხოვთ პროექტში არსებითი კორექტივების შეტანას, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, სავალალო შედეგამდე მივიდეთ…

– თუმცა, არასამთავრობო სექტორის, მოსახლეობის პროტესტმა თუნდაც “მზიურის” ტერიტორიაზე ესტაკადის, “დინამოს” კორტებსა თუ თბილისის სკვერებში გაჩაღებული მშენებლობის გამო მიზანს ვერ მიაღწია…
– როგორც ჩანს, საზოგადოება არასაკმარისად აქტიური იყო, თუმცა, ხელისუფლების, თბილისის მერიის წარმომადგენლებიც შეუვალი აღმოჩნდნენ. რას ითხოვდნენ განსხვავებული მოსაზრების ადამიანები? უნდა შეფასებულიყო, რა ზემოქმედებას მოახდენდა მაგისტრალი ამ ტერიტორიის ლანდშაფტზე. მშენებლობისას ყველა ეს ფაქტორი რომ გაეთვალისწინებინათ, აღარ დასჭირდებოდათ ბადის გაკვრა კლდეზე, რის გამოც მილიონობით ლარი დაიხარჯა. აი, კიდევ ერთი კლასიკური მაგალითი, რა მოჰყვება გარემოსდაცვითი ფაქტორების გაუთვალისწინებლობას, სიჩქარესა და ფაციფუცს.

– ხელისუფლება ხშირად აპელირებს დასავლურ გამოცდილებაზე, გარემოს დაცვის სამინისტრო ყველა ევროპულ ქვეყანაშია?
– რა თქმა უნდა. შესაძლოა, სახელწოდება სხვა იყოს, მაგრამ ფუნქციები და რეგულირების მექანიზმები ყველგან აქვს. არსად მოსვლიათ აზრად, რომ აღსრულების მექანიზმი ერთ უწყებაში იყოს, პოლიტიკას კი მეორე განსაზღვრავდეს. რა დარჩება სამინისტროსგან? – მხოლოდ აბრა!

– გავრცელებული ხმებით, ამ გადაწყვეტილებას პოლიტიკური საფუძველიც აქვს – გაპრემიერებას მალე ვერა ქობალიას უპირებენ და ნიკა გილაური ენერგეტიკის და გარემოს დაცვის სამინისტროების გაერთიანებით ცდილობს უსაფრთხო სათადარიგო აეროდრომი შეიქმნას…
– როცა ყბადაღებული ლიცენზირების ფუნქცია გარემოს დაცვის სამინისტროდან ეკონომიკის სამინისტროში გადავიდა, აგვიხსნეს, რომ ეკონომიკის სამინისტრომ ეს ფუნქცია, როგორც ქონების განმკარგავმა უნდა იტვირთოს, დღეს რატომღა გადაეცემა იგი ენერგეტიკის სამინისტროს, გაუგებარია. საკითხი ასე დგას: ერთ დღეში ამოვიღო ყველა რესურსი და გარშემო ყველაფერი დავანგრიო, თუ ნაწილ-ნაწილ ამოვიღო ისე, რომ გარემოს ზიანი არ მიადგეს?

წყარო: გაზეთი ”ყველა სიახლე”

როდის დარგავენ ხეებს აღმაშენებლის გამზირზე?


თბილისის ერთი-ერთი უძველესი და ულამაზესი ქუჩა – დავით აღმაშენებლის გამზირი, ყოფილი პლეხანოვი, თითქმის განახლებულია.

თბილისის მერიამ აღმაშენებლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები ორი წლის წინ დაიწყო და ამჟამად პროექტ “ძველი თბილისის ახალი სიცოცხლის” მეორე ეტაპი მიმდინარეობს. როგორც მერიის პრესსამსახურში გვითხრეს, პროექტის მესამე ეტაპის პირობები მზადდება და საზოგადოებისთვის უახლოეს ხანებში გახდება ცნობილი.

“პლეხანოველებს” ახარებთ განახლებული უბანი, მაგრამ ძალიან შეწუხებული არიან თითქმის საუკუნოვანი ჭადრის ფესვებიანად ამოძირკვის გამო. როგორც მერიაში გვითხრეს, აღდგენითი სამუშაოებისას გაირკვა, რომ სახლების დიდი ნაწილი საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია. თითოეული მათგანისთვის აუცილებელი იყო საძირკვლის გამაგრება, კედლების მოჭიმვა, ხეების ტოტები და ფესვები კი აზიანებდა შენობებს და ხელს უშლიდა შიდასაკომუნიკაციო ქსელის მუშაობას.

აღმაშენებლის გამზირის მოსახლეობა ამბობს, რომ ქარი აქ ყველაზე ნაკლებად იგრძნობოდა, ახლა კი მთელი გამზირი უდაბნოსავითაა და ისედაც მტვრიან და ტრანსპორტით გადატვირთულ ქუჩაში სუნთქვა შეუძლებელია. ყველაზე მეტად კი ზაფხულის დადგომის ეშინიათ: თბილისის ერთ-ერთ ყველაზე “ჩავარდნილ” ადგილად ცნობილ უბანში ქუჩაში გამოსვლა ალბათ შეუძლებელი გახდება.

ნანუკა ზაქარეიშვილი, მერიის მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელი:
– აღმაშენებლის გამზირის სრული რეაბილიტაციის დასრულებისთანავე დაიწყება ხეების დარგვა, ეს იქნება რუბინიები და კატალპები. ამ ჯიშის ხეები შეგიძლიათ ნახოთ რუსთაველის გამზირზე, “ლაღიძის წყლების” წინ. არადა, დავით აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაცია თამარ მეფის გამზირიდან – ზაარბრიუკენის მოედნამდე მონაკვეთის რეკონსტრუქციას გულისხმობს.

მანამდე კი გამზირის თავზე გამონაბოლქვის ღრუბელი დგას. პროექტის ავტორების თქმით, ჭადარი ალერგიას იწვევს და მისი ჩანაცვლება დეკორატიული ხეებით ამ მიზეზითაც გადაწყდა… თუმცა, “მოერევა” თუ არა ახალი, ჩვენთვის უცხო და ძვირფასი ხის ჯიშები ეკოლოგიურად ისედაც დაბინძურებულ აღმაშენებლის გამზირს, ჯერჯერობით არავინ იცის.

წყარო:გაზეთი ”ყველა სიახლე”