პიარაქციები და პროპაგანდა, რომელიც ე.წ. ყვითელი ავტობუსების ჩამოყვანას ახლდა, ალბათ, არავის დავიწყებია. სწორედ ამას დაუკავშირეს თავის დროზე თბილისში მიწისზედა ელექტროტრანსპორტის სრული ლიკვიდაცია. როგორც ტრამვაის, ასევე ტროლეიბუსის ხაზის ინფრასტრუქტურა მოძველებული იყო, თუმცა ბევრი მიიჩნევდა, რომ ხელაღებით მისი გაუქმება არ შეიძლებოდა, მაგრამ ეს არავის გაუთვალისწინებია. 2006 წლიდან სასწრაფოდ დაიწყო რელსების აყრა და კაბელების ჩამოხსნა. მოკლედ, დედაქალაქი ამ ტრანსპორტისგან სრულიად გათავისუფლდა. იმედია, ყვითელი ავტობუსების ეპოპეაც ყველას გვახსოვს და ზედმეტად აღარ შეგაწყენთ თავს ამაზე ლაპარაკით, მაგრამ შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა არაერთხელ გამოთქვა უკმაყოფილება ამ ტრანსპორტის მუშაობით, დღეს კი ბევრი ავტობუსი ავარიულობის გამო უკვე აღარ მუშაობს. მერიაში ისიც ითქვა, რომ ამ ავტობუსების მოვლა-პატრონობა ძვირი ჯდება. შესაბამისად, ხელისუფლება ავტობუსით მგზავრობის გაძვირების ერთ-ერთ მიზეზად ამასაც ასახელებს. ამასთანავე, დღემდე ვერ მოწესრიგდა მარშრუტების იმგვარი განრიგით დაგეგმვა, რომ მოქალაქეებს ქალაქში გადაადგილებისას პრობლემები არ ექმნებოდეთ. დედაქალაქის ხელმძღვანელობამ ამჯობინა, პრობლემების გადაწყვეტის ახალ გზას არ დასდგომოდა, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის შესაქმნელად კარგად დავიწყებული ძველი ტრამვაი გაეხსენებინა. როგორც ამბობენ, როგორც სხვა ბევრი რამ, ეს იდეაც მიხეილ სააკაშვილს ეკუთვნის.

ხელისუფლება თბილისში ტრამვაის ხაზის აღდგენას რომ აპირებს, იმ პროექტიდანაც კარგად ჩანს, რომელიც ორიოდე დღის წინ ქალაქის მერიამ საზოგადოებას წარუდგინა. პრეზენტაციას მერიის საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებთან ერთად სატრანსპორტო დაგეგმარების ფრანგული კომპანია “სისტრას” წარმომადგენლებიც დაესწრნენ. როგორც მერიის ტრანსპორტის სამსახურში ამბობენ, წარმოდგენილი პროექტის ფარგლებში ჩატარდება თბილისში ტრამვაის ხაზის მარშრუტის დასადგენი კვლევა, რომლის მიხედვითაც გაკეთდება სატრანსპორტო ქსელის ოპტიმიზაციის, მგზავრობის ხასიათის, მგზავრთა ნაკადისა და მოქალაქეების სამგზავრო ჩვევების ანალიზი.

საინტერესოა, რომ წარმოდგენილი პროექტით კვლევის ჩატარება ერთი მილიონი დოლარი დაჯდება. ბუნებრივია, ჩნდება კითხვა – რა დაჯდება დედაქალაქში ამ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება და აქვს თუ არა ქვეყანას დღეს ამის ფუფუნება? საქმე ის არის, რომ ამ ინფრასტრუქტურის ნულიდან შექმნა და ამოქმედება, მსოფლიო გამოცდილების გათვალისწინებით, ძალიან ძვირი სიამოვნებაა. ამაზე ცოტა ქვემოთ, მანამდე კი გეტყვით, რომ პროექტის ფარგლებში თბილისში რვა ათასი ოჯახი გამოიკითხება. ეს პროცესი 26 იანვრიდან დაიწყო და აპრილის ბოლომდე გასტანს. კვლევას კომპანია IPM ატარებს. თბილისის მერია თხოვნით მიმართავს მოქალაქეებს, მხარი დაუჭირონ IPM-ის წარმომადგენლებს და აქტიურად ჩაერთონ კვლევის პროცესში. პროექტის ფარგლებში უნდა მოხდეს ტრამვაის ხაზის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება, გარემოზე ზემოქმედების განსაზღვრა, ასევე სატენდერო დოკუმენტების მომზადება და პროექტის ხარჯთაღრიცხვის გაკეთება. ამიტომაც მერიაში ჯერჯერობით თავს იკავებენ იმ სავარაუდო თანხის დასახელებაზე, რაც ტრავმაის ხაზის აღდგენას დასჭირდება, არაფერს ამბობენ იმაზე, როდისთვის იგეგმება თბილისში ტრამვაის ხაზის ამოქმედება. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ეს პროცესი, სულ მცირე, 4-5 წელიწადს გასტანს, თუმცა ჩვენი ხელისუფლების სულსწრაფობის ამბავი არახალია და მიხეილ სააკაშვილმა შესაძლოა, ყველაფრის დასრულება თავის მეორე საპრეზიდენტო ვადაშივე მოინდომოს.

თავის დროზე, როდესაც თბილისში ტრამვაი გაუქმდა, მერიის მოხელეები ამბობდნენ, – 21-ე საუკუნეში რა დროს ტრამვაია, ეს შეშვენის ჩვენს დროსა და ეპოქასო?.. ეს განცხადება მაშინვე სასაცილო იყო, თუმცა ის უფრო სასაცილოა, ლამის იგივე ხალხი დღეს რომ ელექტროტრანსპორტის დადებით მხარეებზე ლაპარაკობს. მერიაში აცხადებენ, რომ ტრამვაის აღდგენა განპირობებულია შემდეგი ფაქტორებით: ეკოლოგიურად უსაფრთხოა, სწრაფია, იაფი და ლამაზი.

შეუძლებელია არ დაეთანხმო, მაგრამ დგება რამდენიმე საკითხი. პირველი – როგორც უკვე ვთქვით, ტრამვაით მგზავრობა იაფია, მაგრამ მისი ინფრასტრუქტურის აშენება ძალიან ძვირი ჯდება. მხოლოდ ერთ მაგალითს გეტყვით: თანამედროვე ტრამვაის ვაგონების ფასი 580.000 დოლარიდან 2.500.000 ევროს შორის მერყეობს. ვფიქრობ, მეტად შთამბეჭდავი რიცხვებია, მით უფრო, ქვეყანაში დღეს არსებული სოციალურ-ეკონომიკური ვითარების გათვალისწინებით. იმედია, ხელისუფლება ავტობუსებივით ნახმარი ვაგონების ჩამოტანას არ გეგმავს. არის ერთი პრობლემაც, თბილისის ქუჩები საკმაოდ ვიწროა და ტრანსპორტით უკიდურესად გადატვირთული, ტრამვაის ხაზი უფრო ხომ არ შეაფერხებს მოძრაობას? გარდა ამისა, საკითხავია, თბილისის ცენტრალურ მაგისტრალებზე არაერთხელ აყრილი და დაგებული ასფალტი კიდევ რამდენჯერ უნდა აყარონ? მით უფრო, რომ იმ ფართო ქუჩებში, სადაც უპრიანი იქნებოდა ტრამვაის ხაზის გაყვანა, საკმაოდ ფართო, ე.წ. მწვანე ზოლებია.

წყარო: გაზეთი ”ყველა სიახლე”

დატოვე კომენტარი